როცა არის ბევრი კითხვის ნიშანი, ვფიქრობ, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მით უმეტეს, როდესაც ეს კითხვა სინოდის წევრებისგან მოდის, - ამის შესახებ საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას აუდიტის სამსახურის საპატრიარქოში შესვლასთან დაკავშირებით უპასუხა.
”მე ამის შესახებ განცხადება ღია ეთერითაც გავაკეთე. როცა არის ბევრი კითხვის ნიშანი, ვფიქრობ, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მით უმეტეს, როდესაც ეს კითხვა სინოდის წევრებისგან მოდის. თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის მე, ჩვეულებრივ ადამიანს და ეკლესიის წევრს, მათ შორის იმ ადამიანს, რომელსაც თავის დროზე გარკვეული წვლილი აქვს იმაში შეტანილი, რომ ეკლესიამ მიიღო სახელმწიფოსგან გარკვეული ქონება, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, ხმარდება თუ არა ეს ქონება იმ სიკეთეს, რისთვისაც ეკლესია არის მოწოდებული. ამაში არალეგიტიმურს მე ვერაფერს ვხედავ, რომ ასეთი კითხვა დაისვას, თუმცა აქ კითხვები არ იყო დასმული, აქ იყო ბრალდებების ტონი, რომელსაც დამატებითი დოკუმენტაცია არ მოჰყვებოდა. მე ვისურვებდი, რომ როდესაც ბრალდება მიდის კონკრეტული ადამიანების მიმართ, საპატრიარქოს თანამშრომლებს ვგულისხმობ, ყველაფერი ეს იყოს დოკუმენტაციით გამყარებული”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.