მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ჩაფიძის კლინიკაში ან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
რაც შეეხება სინოდის წევრების შეხვედრას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ბოტკოველის განმარტებით, სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან.
„მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ჩაფიძის კლინიკაში ან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს. რაც შეეხება საკითხს მამალაძის საპატრიარქოში მოყვანასთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ კანონმდებლობით არ შეიძლება. ასეთი სურვილის შემთხვევაში მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა მისი უწმინდესობა, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკითხი საპატრიარქოში არ განიხილება. სინოდის წევრებიც აცხადებენ და სახელმწიფოს თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება თავი შეიკავონ საპატრიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა“, - განაცახდა ბოტკოველმა.
კითხვაზე, რა იყო მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან თხოვნისა, რომ მღვდელმთავრებმა თავი შეიკავონ დაკავებულთან შეხვედრისგან, ბოტკოველი პასუხობს: „ალბათ, უსაფრთოება, რადგანაც ნებისმიერი რისკი გამოირიცხოს მამა გიორგისთან მიმართებაში“.
რაც შეეხება მამალაძის ადვოკატების შესაძლო შეხვედრას სინოდის წევრებთან, ბოტკოველის თქმით, „თუ ადვოკატები ოფიციალურად სთხოვენ წმინდა სინოდის წევრებს, ისინი, ალბათ, უარს არ ეტყვიან“.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა თავად პატრიარქს სურვილი, მამა გიორგი მამალაძეს შეხვდეს, მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ „მას საჯაროდ ასეთი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია“.
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს.
ადვოკატის განმარტებით, დეკანოზის სურვილია, რომ სასულიერო პირებს ჩვენების მიცემამდე შეხვდეს.