ირაკლი კობახიძე ოპოზიციას:   ჩვენ ვართ მცირე საპარლამენტო საბოტაჟის მოწმე

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: ჩვენ ვართ მცირე საპარლამენტო საბოტაჟის მოწმე

ჩვენ ვართ მცირე საპარლამენტო საბოტაჟის მოწმე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”ფარულ მოსმენთან” დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას გააკეთა.

საკითხის წარმდგენმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კობახიძეს მიმართა, რომ უმცირესობის წევრები იმეორებენ ერთსა და იმავე კითხვებს, სვამენ შეკითხვებს, რაც განსახილველ საკითხს - ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეხება და ამით დროის გაყვანას ცდილობენ. ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, არ მისცეს დეპუტატებს იმ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, რომელიც განსახილველ კანონპროექტს არ ეხება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვის უზრუნველყოფას შეეცდება, ოპოზიციონერი კოლეგები კი, მცირე საპარლამენტო საბოტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა.

პასუხად პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ საბოტაჟია ის, როცა პარლამენტში არ დადიან მინისტრები და არც აძლევენ დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალებას.

”ამას ჰქვია საბოტაჟი და პარლამენტის ავტორიტეტის დაგდება და არა იმას, როცა დეპუტატები აბსოლუტურად კორექტულად, პროცედურულ უფლებამოსილებებს იყენებენ”, - მიმართა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს.