ჩემთვის რომ მკვლელობა დაებრალებინათ, მდუმარების შენარჩუნებაში სახელმწიფოს არ დავემორჩილებოდი და ამ კუთხით მამა გიორგის ვერ ვამართლებ

ჩემთვის რომ მკვლელობა დაებრალებინათ, მდუმარების შენარჩუნებაში სახელმწიფოს არ დავემორჩილებოდი და ამ კუთხით მამა გიორგის ვერ ვამართლებ

მამა შალვა კეკელიასთვის მიუღებელია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაუთქმელობის პირობით სარგებლობს. ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა. მამა შალვას განცხადებით, მისთვის რომ ვინმეს მკვლელობა დაებრალებინა, გამოძიებასთან ვერ ითანამშრომლებდა და მდუმარებას ვერ შეინარჩუნებდა.

”მე გაუთქმელობის პირობა არ მესმის. თუ ადამიანი მართალია, როგორ შეიძლება ვინმემ რამე დამაბრალოს? სასულიერი პირი, მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს? ვინმეს მკვლელობა დამაბრალონ და მე როგორ უნდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან? ასეთი ბრალდება დამადოს მე სახელმწიფომ ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რაიმე პირობა დავიცვა? გამორიცხულია მდუმარება შევინარჩუნო - გამორიციხულია! არ არსებობს! მე ამ შემთხვევაში არ დავემორჩილები სახელმწიფოს. მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ. რისი უნდა მეშინოდეს, მღვდელი ვარ, ღმერთმა ყველაფერი იცის ჩემთან დაკავშირებით. რა სასჯელი უნდა მომისაჯონ იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანურად ამაზე მეტად დავისაჯო?”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მისივე თქმით, ეკლესიას დასამალი არაფერი აქვს არავისთან და თუ ადამიანი დამნაშავეა, უნდა ითქვას, რომ ის დამნაშავეა, რაც უნდა ედებოდეს მას ბრალად, „ჩვეულებრივი ადამიანის მკვლელობა თუ პატრიარქის მკვლელობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს“.

”ეს უნდა საჯაროდ ითქვას, რადგან საზოგადოებას ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს ამასთან დაკავშირებით. ადამიანებს აინტერესებთ, თუ რა მოხდა ეკლესიაში, რა ხდება და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი”, - განაცხადა მამა შალვამ.