ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობას ემუქრება

ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობას ემუქრება

ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის არსებული რედაქციით ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ასოციაციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს, ბოლო ასეთი შეხვედრა კი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლებთან შედგა.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება სცდება ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს.

„პროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ტიპის და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზებულ პირებს შეეხებათ ეს ვალდებულება, იმავე სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფაზე ავტორიზებულ პირებს - ე.წ. ტრანზიტულ მაუწყებლებს - ეს ვალდებულება ვერ დაეკისრება, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, და რომც დაეკისროს, ვერ შესრულდება. დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის და არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს“, - განაცხადა უჩა სეთურმა შეხვედრაზე.

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტების პროექტის მომზადების პროცესში არ მოხდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეების ჩართვა, რომელთა რაოდენობა 150 კომპანიას აჭარბებს და რომელთა დიდი უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ე.წ. ფარული მოსმენების კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც შეეხება ახალი, დამატებითი რეგულაციების და ვალდებულებების დაწესებას ავტორიზებული პირებისთვის, მათ შორის, მცირე და საშუალო ინტერნეტოპერატორებისთვის, ოპერატორებს შეუსაბამოდ მძიმე და შეუსრულებელ რეგულაციებს აკისრებს.

„დღეს არსებული მდგომარეობით, მხოლოდ მსხვილ ოპერატორებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დაიცვან წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული ვალდებულებები, შესაბამისად, ეს გამოიწვევს მცირე ოპერატორების უმეტესობის გაკოტრებას და ბაზრიდან გასვლას პირველივე სანქციების გამოყენებისას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს თხოვნით მიმართავს, არ მოხდეს ამ კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეები, ასოციაცია და სხვა დაინტერესბული პირები ჩაერთვებიან.