რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე - ”კონფლიქტები ევროპაში” სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება - უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის ფედერაციას მიმართა, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

”საქართველო გამოხატავს მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება. და ბოლოს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაადასტუროს ერთგულება გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ყველამ ძალისხმევა არ დავიშუროთ იმ კონფლიქტების ეფექტიანი გადაჭრისთვის, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას”, - მიმართა ჯანელიძემ დებატების მონაწილეებს.