რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას

რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას

რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე - ”კონფლიქტები ევროპაში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს საგარეო მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს მიმართა, რომ მაშინ, როდესაც გაერო, ეუთო და ევროკავშირი უკვე 8 წელია თანა-მოდერატორების სახით არიან ჩართულნი რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ხელშესახები შედეგის მისაღწევად, რაც უპირველეს ყოვლისა, ყველა მხრიდან პოლიტიკურ ნებასა და მზადყოფნას საჭიროებს.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აუცილებელია უფრო მეტი ჩართულობა თანათავმჯდომარეებისა და გენერალური მდივნის მხრიდან, ისევე როგორც მათ მიერ პროცესის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე წარმართვა.

”ჩემი ქვეყანა უკვე დიდი ხანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის კონსტრუქციული და მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულია. მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სურს ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ისწრაფვის, რომ რეგიონში დამყარდეს მშვიდობა. სწორედ ამ სულისკვეთებით, საქართველომ ცალმხრივად აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს მოახდინოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია, კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმატი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტები, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა. ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. გასული წელი აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით. რაც შეეხება ურთიერთობას ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ისტორიისა და მომავალის განუყოფელი ნაწილნი, მიუხედავად ამჟამად არსებული ხელოვნური ბარიერებისა. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს, ასევე, ყველა ეთნოსის წარმომადგენლის სრულ რეინტეგრაციას ერთიან, მრავალფეროვან საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ისევე როგორც განსხვავებული ჯგუფების კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება დაცულია. ეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მტკიცედ მივყვებით ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა იმ სიკეთესა და სარგებელს, რაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. მზად ვართ გავუზიაროთ განვითარების გზაზე ჩვენი ყველა მიღწევა”, - განაცხადა ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე.

მინისტრის თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას.

”საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა. პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.