საგანგაშოა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ

საგანგაშოა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ

საგანგაშოა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე - ”კონფლიქტები ევროპაში” სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჯანელიძემ დებატების მონაწილეებს მიმართა, რომ აგრესია, რომელიც მოხდა საქართველოში და შემდეგ - უკრაინაში, შესაძლებელია სხვაგანაც განმეორდეს, თუკი არაფერს მოიმოქმედებენ.

“გაერო შეიქმნა ომის დასასრულებლად, როგორც კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, დღეს ძნელად თუ მოიძებნება რეგიონი, რომელიც არ დგას დაპირისპირებებისა თუ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ევროპაში არსებულ კონფლიქტებს შორის მრავალი მსგავსება და საერთო მახასიათებელია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის სახით. პირველად, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ - უკრაინაში და შესაძლებელია ეს სხვაგანაც გამეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ. ევროპაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა, რაც ასახული იყო ეუთო-ს ძირითად დოკუმენტებში, საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ჩვენ დავუბრუნდით მუქარისა და ძალის გამოყენების პოლიტიკას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, გასულ ათწლეულში, საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობამ - გადაეჭრა გაჭიანურებული კონფლიქტები და თავიდან აეცილებინა ახალი კონფლიქტების წარმოქმნა, არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ნაკლოვანებები წარმოაჩინა.

ჯანელიძემ დებატების მონაწილეებს შეახსენა, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული, 16 წლის განმავლობაში, საქართველოში კონფლიქტზე უშიშროების საბჭომ მიიღო 39 რეზოლუცია, რომლებიც ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობს ეთნიკურ წმენდას და ხაზს უსვამს ”სერიოზული ძალისხმევის აუცილებლობას იძულებით ადგილნაცვალი პირების და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მათი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“.

”საქართველოს გამოცდილებით, კონფლიქტმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით. საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტური რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავლებელ ადრეულ ნიშნებზე. უფრო მეტიც, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ის მინიმალური დაცვის მექანიზმები, რაც გვქონდა, რადგან 2009 წელს, UNOMIG და ეუთო-ს მისიები რუსეთმა ცალმხრივად დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ამ მისიების ადგილზე ყოფნისა და ვითარების მონიტორინგის მზარდი საჭიროება. ეს ნათლად ადასტურებს, რომ ყველა გაჭიანურებული თუ მიძინებული კონფლიქტის შემთხვევაში, მუდმივად არსებობს ესკალაციის საფრთხე. აღნიშნული გარემოება ქმნის უშიშროების საბჭოს მხრიდან რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობას, ნაცვლად ცალკეულ შემთხვევებში უკვე წარმოშობილ კრიზისულ ვითარებაზე რეაგირებისა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინოს პერიოდული ანგარიშები გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.