სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ მორიგი ბენეფიციარი ჰყავს

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ მორიგი ბენეფიციარი ჰყავს

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა და  ახალი პროგრამის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში, პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი საგრძნობლად მატულობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მორიგი ბენეფიციარი, შპს „სამეფო“ სასტუმროს მშენებლობას შეძლებს.

შპს „სამეფო“, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით  სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 278 020 ლარს  შეადგენს.  სასტუმროში კი, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, დასაქმდება 39 ადამიანი. 

ახალი სასტუმრო თელავში (კავკასიონის №33) გაიხსნება და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილ გარემოს  შესთავაზებს.

მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში  სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 18 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით  400-ზე მეტ ოთახს შექმნის, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.