გუშინდელ შეხვედრაზე უწმინდესმა თქვა, რომ ესაუბრა ომბუდსმენი და სახალხო დამცველმა უთხრა, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, უცნობია, თუ რა კონტექსტში იყო ამ საკითხზე საუბარი და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით კითხვით სახალხო დამცველს უნდა მივმართოთ.
მისივე თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილზე პატრიარქს არ უსაუბრია.
„გუშინ უწმინდესთან გვქონდა შეხვედრა და ამ საქმეზეც იყო ზოგადი საუბარი. საერთო პოზიციაა, რომ სიმართლე უნდა გაირკვეს, ეკლესია და ხელისუფლება არ იქნება სხვადასხვა მხარეს და საერთო პოზიციაა, რომ უნდა დადგინდეს ამ საქმის რეალობა. შეხვედრის სურვილზე არაფერი უთქვამს გუშინ. უწმინდესმა თქვა, რომ ესაუბრა მას ომბუდსმენი და მათ შორის ომბუდსმენმა უთხრა, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება. ჩვენთან საუბრის დროს უწმიდესმა ისაუბრა, რომ მნიშვნელოვანია ვითარება დამშვიდდეს, თუმცა სიმართლე უნდა დადგინდეს“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ის ყოველთვის იყო მომხრე გასაჯაროვდეს მტკიცებულებების ნაწილი მაინც და ამით მეტი სიცხადე შევიდეს საქმეში ისე, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.