ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას და მის სიტყვას, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მამა გიორგის ინტერესების დამცველები სრულად იზიარებენ პრეზიდენტის განცხადებას, რომ დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია.
”რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ განცხადებას. გუშინვე განვაცხადე, რომ არაერთი კატეგორიული მოთხოვნისა, გამომძიებლის მხრიდან, რომ მეც გაუთქმელობის პირობაზე მომეწერა ხელი, მე ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე, მიუხედავად იმ დაშინებისა, რომ შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ვუთხარი - ეს თქვენი პრობლემაა, თუ გინდათ დაიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნათქო და არ მოვუწერე ხელი. დანარჩენი უკვე პროკურატურის გადასაწყვეტია, მოუხსნიან ადვოკატებს ამ ვალდებულებას თუ არა. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ მიმართეს განცხადებით პროკურატურას, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე პასუხი არ მიუღიათ. ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას და მის სიტყვას”, - განაცხადა რამიშვილმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” დღეს შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე ან საკუთარი ვერსიის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას.