კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნის გადაწყვეტილება არ შეიცვლება - სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ

კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნის გადაწყვეტილება არ შეიცვლება - სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხზე განმარტებას აკეთებს.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს ”შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ”.

”2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, კომპანიებთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია, რომ მთავრობისთვის განახლებული ბაზები ყოფილიყო წარდგენილი. დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანიები აცხადებენ, რომ ბაზების წარსადგენად მზად არიან, თუმცა სინამდვილეში ამას არ აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის სათავედ სადაზღვევო კომპანიების მოგებას მიიჩნევს.

”ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის. ახლა კი, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკლარირებს, რომ უნდა მსჯელობა და საკითხის განხილვა, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანის მცდელობა”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები წარადგინონ 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით და ბაზების წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია.

დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ სისტემის მოწესრიგების შემდეგ ბაზების განახლება უნდა გახდეს მუდმივი პროცესი, „თუმცა იმ ადამიანებს, ვინც კერძო დაზღვევას დაკარგავენ და საყოველთაო დაზღვევაში მოხვედრა მოუნდებათ, სერიოზული ბარიერები დახვდებათ მათი შემოსავლიდან გამომდინარე“.

სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლითაც ხდება კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ" და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.