უშიშროების საბჭოს საკითხი განისაზღვრება ერთ პაკეტში პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის ფუნქციებთან ერთად

უშიშროების საბჭოს საკითხი განისაზღვრება ერთ პაკეტში პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის ფუნქციებთან ერთად

უშიშროების საბჭოს საკითხი არ განიხილება განყენებულად, მისი ადგილსამყოფელი და ფუნქციები განისაზღვრება ერთ პაკეტში პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის ფუნქციებთან ერთად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრმა გია ვოლსკიმ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომისიის ფორმატში უშიშროების საბჭოს რაიმე ახალ მოდელზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

”უშიშროების საბჭოს საკითხი არ განიხილება განყენებულად, მისი ადგილსამყოფელი და ფუნქციები განისაზღვრება ერთ პაკეტში პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის ფუნქციებთან ერთად, ასევე ამ ინსტიტუტების უფლებამოვალეობებიდან მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს. კომისიის ფორმატში უშიშროების საბჭოს რაიმე ახალ მოდელზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ამაზე საუბარი ნაადრევია,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტთან არსებულ უშიშროების ეროვნულ საბჭოს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს - მას თავდაცვის საბჭო ეწოდოს, ხოლო მისი შეკრება და ფუნქციონირება მხოლოდ საომარ და საგანგებო ვითარებებთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც ”ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი განმარტავს, ეს არის უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ვერსია, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებული არ არის.

”თუკი ჩვენ ვთანხმდებით საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ასეთი კონსტიტუციური ორგანოს დატოვებაზე, მისი დატვირთვა უნდა იყოს განჭვრეტადი, თუ რის გარშემო შეუძლია საბჭოს პრეზიდენტისათვის რჩევების მიცემა. აქ შემოდის ის ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში გააჩნია. ეს არის მისი ფუნქცია უშიშროებისა და თავდაცვის მიმართულებით, თუკი ქვეყანას საგანგებო ან საომარი ვითარება დაუდგება, ასეთ დროს იყოს საბჭო უფლებამოსილი შეიკრიბოს და იფუნქციონიროს”, - განმარტავს დავით მათიკაშვილი.