ის, რაც ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა გააკეთეს ”ბიბლუსის” ერთ-ერთ ფილიალში, ჩვეულებრივი მავნებლობაა, - ამის შესახებ ”გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.
ჯაფარიძე ”ბიბლუსი გალერეაში” „აუდიტორია 115“-ის წევრების შეჭრას ეხმაურება და განმარტავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ასეთი მავნებლობის რეაგირების გარეშე დატოვება ახალისებს მსგავს ქმედებებს და საბოლოო ჯამში აზიანებს ამ ქვეყნის მომავალს.
”ბიბლუსი” არის კერძო კომპანია. არის ისეთი, როგორიც არის. არავის საქმე არ არის როგორია. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს, შეიძლება ეზიზღებოდეს. ”ბიბლუსი”, ისეთი როგორიც არის, ქმნის/ყიდის რაღაც პროდუქტს. არავის საქმე არ არის, როგორ პროდუქტს ქმნის. შეიძლება მოსწონდეს ვინმეს ეს პროდუქტი, შეიძლება არ მოსწონდეს, შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს. ამ პროდუქტს ჰყავს მყიდველი ანუ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დროის კონკრეტულ მომენტში საკუთარი ფული გადაიხადონ იმაში, რასაც ”ბიბლუსი” ყიდის. ამ პროდუქტის/მომსახურების შესაქმნელად/ბაზარზე გამოსატანად ”ბიბლუსი” იყენებს რესურსებს. მათ შორის ფულს, რომელიც შეიძლება ნასესხები აქვს და უნდა ისტუმროს ბევრი წელი; შენობებს, რომლებიც შეიძლება ნაქირავები აქვს და უნდა იხადოს ქირა ყოველ თვე; სხვა რესურსებს; მათ შორის ადამიანების შრომას. ”ბიბლუსი” არავის ძალის გამოყენებით ანუ ძალადობით არ ართმევს რესურსს, მათ შორის არც შრომას. ფულის მფლობელი რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი მას ნებაყოფლობით აძლევს ფულს, რადგან ამ ოპერაციიდან ელოდება სარგებელს; ფართის მეპატრონე ნებაყოფლობით აქირავებს მას საკუთრებას, რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდება სარგებელს; და იქ დასაქმებული ადამიანებიც ნებაყოფლობით ჰყიდიან საკუთარ შრომას რაღაც ფასად, რადგან ამ ოპერაციიდან ასევე ელოდებიან სარგებლის მიღებას”, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
პოლიტიკოსის თქმით, საბოლოო ჯამში ასეთი ნებაყოფლობითი თანამშრომლობების ჯაჭვიდან იქმნება ის პროდუქტი, რომელსაც ”ბიბლუსი” ჰყიდის და რომელშიც ადამიანების რაღაც რაოდენობა, ასევე ნებაყოფლობით, მზადაა გადაიხადოს საკუთარი შრომის შედეგად მოპოვებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი.
ჯაფარიძის შეფასებით, ამ ჯაჭვის ნებისმიერ შემადგენელს, იქნება ეს ბანკი, შენობის მეპატრონე თუ დასაქმებული, ნებისმიერ დროს, საკუთარი ნებით შეუძლია უარი თქვას ამ პროცესში მონაწილეობაზე, თუ მისთვის ურთიერთგაცვლის არსებული პროცესი აღარ იქნება ისეთი სარგებელის მომტანი, როგორიც მისთვის სასურველია.
”ასე მუშაობს ეს სისტემა. ამ სისტემაში მთავარი არის ნებაყოფლობითი ჩართვა-გამორთვის არსებობა, ანუ არა-ძალადობა. ასეთ სისტემაზე დგას თანამედროვე ცივილიზაცია. ყველა მცდელობა ამ სისტემის დემონტაჟისა და მის ნაცვლად „უკეთესი“ სისტემის შექმნისა, რომელიც უგულვებელყოფს კერძო საკუთრების და ნებაყოფლობითი თანამშრომლობის პრინციპს, ბუნებრივად გულისხმობს ძალადობის ელემენტების გაჩენას და კაცობრიობის ისტორიაში, ყოველთვის, გამონაკლისების გარეშე, დასრულდა კრახით და შეიწირა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ამ ახალგაზრდებს ეს არ ესმით”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს.
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თქვენი ერთადერთი ფუნქციაა დაიცვათ ადამიანების საკუთრება და მათი ნებაყოფლობითი ხელშეკრულებები. თქვენი საქმე არაა გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც კერძო მესაკუთრე დაგიძახებთ და მოგთხოვთ დაატოვებინოთ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ადამიანების ჯგუფს, რომლებიც მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრნენ მის საკუთრებაში - ეს უნდა გააკეთოთ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ”ზემოთ ჭკუის კითხვის” გარეშე. ამაში გიხდით ხელფასს. სხვა შემთხვევაში, საკუთრების დაცვას დაიწყებენ თავად მესაკუთრეები. სამართლიანადაც და მერე უკვე მორევაზე იქნება. უბრალოდ, ამ ქვეყნიდან და მისი ეკონომიკიდან არაფერი დარჩება”, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
გუშინ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ.
ისინი "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდენ. მომხდარის გამო "ბიბლუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიბლუსის" დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა, "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, მოაწყვეს არეულობა და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს.
"შეგვიშალეს სამუშაო პროცესში ხელი, მოაწყეს არეულობა, შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. აგრესია მოდიოდა "აუდიტორია 115"-ის წევრების მხრიდან, რომლებმაც ჩაშალეს სამუშაო პროცესი. დღევანდელი თავდასხმა მოჰყვა 2 თანამშრომლის გათავისუფლებას, რომელთაგან ერთ-ერთი შემჩნეული იყო კომპანიის კუთვნილი რესურსის არამართლზომიერ გამოყენებაში და შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს, ხოლო მეორე გამოსაცდელი ვადის პერიოდში უხეშად არღვევდა კომპანიის შინაგანაწესს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია "ბიბლუსის" წინააღმდეგ, რომელიც 1 კვირის წინ დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა 6 თანამშრომლის ვიდეომიმართვა. მასში მოყვანილი ფაქტები იყო სიცრუე და მათ უარყოფას აუცილებლად მოვითხოვთ სამართლებლივი გზით", - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.