გამოძიებას მიზანმიმართულად ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ ქრთამის აღების ფაქტი გამოადნოს

გამოძიებას მიზანმიმართულად ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ ქრთამის აღების ფაქტი გამოადნოს

დაკითხვის პროცესიდან გამომდინარე ლეგიტიმური ეჭვი გამიჩნდა, გამოძიებას მიზანმიმართულად ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ ქრთამის აღების ფაქტი გამოადნოს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა საქალაქო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ორგანიზაცია გვარამიას მაგისტრატ მოსამართლესთან, გამოკითხვის პროცესს მონიტორინგს უწევდა.

”დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ძირითადად ცდილობდა კითხვების დასმას არა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამისი მუხლებით დაწყებულ გამოძიებაზე დაყრდნობით, არამედ ძირითად აქცენტს სვამდა საუბრის შინაარსზე. კითხვები, რომელიც დაისვა არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არ უკავშირდება დაწყებულ გამოძიებას. შინაარსთან დაკავშირებით დასმული კითხვები ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა საგამოძიებო ორგანოები და დაინტერესებული პირები ამ ყველაფრიდან ქრთამის აღების ფაქტის გამოდნობას ცდილობენ. ჩანაწერის შინაარსობრივი გარემოებები არ არის გამოძიების საგანი”, - განაცხადა ავალიანმა.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული სამსახურის უფროსი ასევე განმარტავს, რომ საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ სხვა პრეტენზიებზე საუბარი, თუმცა არა სხვა მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

“კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის მუხლით დაწყებული გამოძიებით, ჩანაწერის შინაარსზე გასვლა აბსოლუტურად მიუღებელია”, - აღნიშნა თამარ ავალიანმა.