რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის პენტაგონთან ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა რუსეთთან დიალოგის ძალის პოზიციიდან წარმართვა უპერსპექტივოა, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
სერგეი შოიგუმ კომენტარი პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის განცხადებაზე გააკეთა, რომელმაც ნატო-ს წევრებს მოუწოდა რუსეთთან ურთიერთობების „ძალის პოზიციიდან“ წარმართვა.
„ჩვენ მზად ვართ, პენტაგონთან თანამშრომლობა აღვადგინოთ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების წარმართვა ძალის პოზიციიდან გამომდინარე, უპერსპექტივოა“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თვლის, რომ ნატო-ს ქვეყნებმა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ძალის პოზიციიდან საუბარს არ გამორიცხავს.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე გააკეთა.