გამოძიება მიმდინარეობს ობიექტურად და ყოველმხრივ, მათ შორის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებითაც და ეს საქმესთან კავშირშია, - ამის შესახებ ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღევანდელ გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა როგორც შინაარსობრივ, ასევე უშუალოდ კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის და კერძო საუბრის უკანონოდ მოპოვების გავრცელებას.
რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა საქმე გადაკვალიფიცირდეს და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, პროკურორის თქმით, ის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
დღეს საქალაქო სასამართლოში ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევისა და ვიდეო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-ჩაწერის ფაქტს.