ხელისუფლებამ და პროკურატურამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ინფორმაციაზე, თითქოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა იყო დაგეგმილი

ხელისუფლებამ და პროკურატურამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ინფორმაციაზე, თითქოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა იყო დაგეგმილი

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო უმრავლესობამ და პროკურატურამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომ თითქოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა იყო დაგეგმილი, - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნადირაშვილმა დაწყებული გამოძიების თაობაზე წაიკითხა ამონარიდები ირაკლი შოთაძის, გიორგი კვირიკაშვილის, თეა წულუკიანის, მამუკა მდინარაძის და უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ საკუთარი განცხადებებით საზოგადოება დააჯერეს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.

”დღეს ჩვენ ვისმენთ პროკურატურიდან უტიფარ განცხადებას, იმის შესახებ, რომ თურმე გამოძიება არა თუ პატრიარქზე, არამედ არც ერთი სასულიერო პირზე თავდასხმას არ ეხება. გასცენ პასუხი კითხვებს, რატომ ჩააგდეს მთელი მოსახლეობა შოკში, რომ თითქოს პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა, რისი გადაფარვა უნდოდათ ამით და რატომ ერევიან უხეშად ეკლესიის საქმიანობაში და დღემდე რატომ არ აქვეყნებენ ჩანაწერებს, რომლის არსებობის თაობაზეც საუბრობენ”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისი საქმიანობის მიმართ არანაირი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს.