პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებდნენ და ახლა კიდევ უფრო უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც რეალურად გვითხრეს, თურმე სხვანაირად იყო და ქვეშიდან გამოსვლას ცდილობენ, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალში პატრიარქის მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა.
"ქართული ოცნება" და ივანიშვილის გუნდი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ბოლო 5 წელია, გამოირჩეოდნენ რელიგიური თემით და ჩვენი მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით უტიფარი სპეკულირებით, შავრაზმელობით. ახლა არის საოცარი უტიფრობის კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებდნენ და ახლა კიდევ უფრო უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც რეალურად გვითხრეს და როგორც გაიგო ეს საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა, თურმე ასე არ იყო და ქვეშიდან გამოსვლას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სტანდარტი საკუთარ თავთანაც კი და ყველაფერზე წამსვლელია",- განაცხადა ბოკერიამ.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს“ და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან“.