პროტესტის ძალადობრივი ფორმები, მითუფრო, თუკი ზიანდება პროტესტის ადრესატის ქონება, გაუმართლებელია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა ”ბიბლუსი გალერეაში” „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების შეჭრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მეორე მხრივ, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს, თუმცა ცქიტიშვილის თქმით, მათ გადასაწყვეტად პროტესტის „ასეთი ფორმები“ არ გამოდგება.
”პროტესტის ძალადობრივი ფორმები, მითუფრო, თუკი ზიანდება პროტესტის ადრესატის ქონება, ან იგივე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერიერი, წიგნები და ზარალი ადგება ადრესატს, გაუმართლებელია. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მსგავსი უფლებების დარღვევები კომპანიაში არ უნდა არსებობდეს.
პრობლემა სისტემურია - ბევრ კომპანიაში შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს, თუმცა პროტესტის ასეთი ფორმები ნამდვილად ვერ გამოდგება მაგალითად, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. თუმცა, თუკი ხელისუფლება და თვითონ დამსაქმებლები, კომპანიები არ იზრუნებენ, რომ გააუმჯობესონ დასაქმებულთა პირობები და იზრუნონ მათ უფლებებზე, რეალურად, სწორედ პროტესტის ასეთი ფორმის ინსპირირებას დაუდებენ სათავეს”, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
გუშინ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ.
ისინი "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდენ. მომხდარის გამო "ბიბლუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიბლუსის" დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა, "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, მოაწყვეს არეულობა და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს.
"შეგვიშალეს სამუშაო პროცესში ხელი, მოაწყეს არეულობა, შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. აგრესია მოდიოდა "აუდიტორია 115"-ის წევრების მხრიდან, რომლებმაც ჩაშალეს სამუშაო პროცესი. დღევანდელი თავდასხმა მოჰყვა 2 თანამშრომლის გათავისუფლებას, რომელთაგან ერთ-ერთი შემჩნეული იყო კომპანიის კუთვნილი რესურსის არამართლზომიერ გამოყენებაში და შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს, ხოლო მეორე გამოსაცდელი ვადის პერიოდში უხეშად არღვევდა კომპანიის შინაგანაწესს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია "ბიბლუსის" წინააღმდეგ, რომელიც 1 კვირის წინ დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა 6 თანამშრომლის ვიდეომიმართვა. მასში მოყვანილი ფაქტები იყო სიცრუე და მათ უარყოფას აუცილებლად მოვითხოვთ სამართლებლივი გზით", - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.