აღმოჩნდა, რომ სწორია ჩვენი პოზიცია, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების გამოსაცდელი ვადის გარეშე გამწესების შესახებ

აღმოჩნდა, რომ სწორია ჩვენი პოზიცია, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების გამოსაცდელი ვადის გარეშე გამწესების შესახებ

აღმოჩნდა, რომ სწორია ჩვენი პოზიცია, როდესაც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე გამოსაცდელი ვადის საკითხი მოვხსენით, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, “ის რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში თქვა, ეწინააღმდეგება იმას, რაც პრეზიდეტმა ვეტოში შენიშვნის სახით მიუთითა, რადგან პრეზიდეტმა თქვა, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა დაინიშნოს“.

“აღმოჩნდა, რომ სწორია ჩვენი პოზიცია, როდესაც ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს გარკვეული დიფერენციაცია. 3-წლიანი გამოცდილება ჩვენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ამჟამინდელი და ყოფილი წევრების მიმართ ავიღეთ. რაც შეეხება მიდგომას იმის შესახებ, რომ ავტომატურად უვადოდ დანიშნოს არა ყველა მოსამართლე, არამედ იმ პირების გამწესება მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ვისაც აქვს 3-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილება, ამ გადაწყვეტილებაზე ახალი ფორმულირების მიღების დრო არის ივლისამდე. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ, მათ შორის ვიმუშავებთ ახალ კრიტერიუმებზეც“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის 36-ე მუხლის 4¹ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესებამდე პირის მოსამართლედ განმწესებას 3 წლის ვადით. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მისი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების შესახებ.

აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულად 2017 წლის პირველი ივლისიდან იქნება ცნობილი.