ვიქტორ დოლიძემ ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ვიქტორ დოლიძემ ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა. სხდომას, რომელიც ქალაქ სტრასბურგში, ევროპარლამენტში, 15 თებერვალს გაიხსნა, კომიტეტის თანათავმჯდომარეები: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი საჯად კარიმი უძღვებოდნენ.

სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვიქტორ დოლიძემ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი დახმარების ინსტრუმენტის, პროგრამებისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სხდომაზე თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე ევროპარლამენტის უახლეს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიესალმენ. მათ ევროინტეგრაციული პროცესების წარმართვასა და ზედამხედველობაში საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მნიშნელოვან წვლილზე ისაუბრეს.