პრეზიდენტისათვის უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილების ჩამორთმევის მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს

პრეზიდენტისათვის უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილების ჩამორთმევის მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს

არ არსებობს ჩამოყალიბებული რეცეპტი და პოზიცია, პრეზიდენტის არჩევის როგორ წესს დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო კომისია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

“პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ და პრინციპში ეს შეთანხმებული საკითხია, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატში ვაგრძელებთ ფუნქციონირებას თუ არა. თუკი ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, მაშინ წამყვან ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით არის ჩამოყალიბებული პოზიცია - ეს უმეტეს ნაწილში არაპირდაპირი არჩევის წესს გულისხმობს. არის არჩევის პირდაპირი წესიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს სხვა ლეგიტიმაცია და სხვა უფლებამოსილებები გააჩნია. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, როგორც წესი ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა. ასეთი სიტუაცია აქვს ნახევრად საპრეზიდენტო და საპრეზიდენტო მოდელის ქვეყნებს, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი ან სხვა სახელით წარმოდგენილი პირი, ხოლო პრეზიდენტს გააჩნია არბიტრის როლი, მისი უფლებამოსილებები ნაწილი არის რეალური და განხორციელებადი, ხოლო ნაწილი - ცერემონიალური ხასიათის. ამაზე კომისიას მუშაობს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, არ მიმდინარეობს მუშაობა პრეზიდენტისათვის უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილების ჩამორთმევის მიმართულებით.

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.