ვერა ქობალია, რომელსაც ვანკუვერის კლუბში სტრიპტიზში ადანაშაულებდნენ, საკუთარი ბიოგრაფიის გადახედვაზე უარს ამბობს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თავს დაესხა Vancouver Sun-ს, უწოდა რა მას რუსული პროპაგანდის ნაწილი, მას შემდეგ რაც გაზეთმა 28 წლის ჩინოვნიკის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აშკარა შეუსაბამობათა შესახებ დაწერა.
საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვერა ქობალია ამტკიცებს, რომ ვანკუვერის Global TV-ში და CBC-ში პროდიუსერად მუშაობდა, თუმცა როგორც ამას The Sun მანამდეც იუწყებოდა, Global TV-ს ახალი ამბების რედაქციაში მის ვინაობას ვერავინ იხსენებს, ხოლო Global-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პეტრა მენერმა განაცხადა, რომ ქობალიას გვარი კომპანიის ოფიციალურ ჩანაწერებში არ არის.
შემდგომი ძიების პროცესში The Sun-მა აღმოაჩინა, რომ ქობალია რამდენიმე წლის განმავლობაში ვანკუვერის Global ComedyFest-ისთვის (გლობალური კომედიური ფესტივალი) მუშაობდა. Global ComedyFest-ი დამოუკიდებელი ღონისძიებაა, სადაც Global TV მთავარი სპონსორია.
„Global TV-მ იყიდა ღონისძიების სათაური“ – ამბობს ComedyFest-ის არტ-დირექტორი ვილ დევისი. -„ცხადია, ჩვენ CanWest-ი (მედია ჰოლდინგი) არ გვაფინანსებს. ვერას არასდროს უმუშავია Global TV-სთვის, ის ჩვენთან მუშაობდა და ჩვენ კი ვართ ComedyFest-ი“.
ქობალია უარს ამბობს საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის გადახედვაზე. ის „ჭორებს“ რუსულ პროპაგანდას უწოდებს, რომელიც საგანგებოდ შემუშავდა, რომ მას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ხელი შეუშალონ.
საქართველოს ახალი ამბების სააგენტო Civil. ge-სთან ინტერვიუში მან განაცხადა – „მე კარგად მესმის, რომ რუსეთს, რუსეთის ხელისუფლებას და მათ ვინც მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას არ სურთ, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და ის ძლიერი ქვეყანა გახდეს. ისინი ცდებიან, თუკი ფიქრობენ, რომ ჩემზე დეზინფორმაციის და ასეთი ჭორების გავრცელებით მუშაობაში ხელს შემიშლიან“.
„დიახ, რა თქმა უნდა მე ვმუშაობდი Global TV-ში” – დასძინა მან.
ოფიციალურ ელექტრონულ ბიოგრაფიაში ასევე ნათქვამია, რომ ქობალიამ 2004 წელს BCIT-ი დაამთავრა, სადაც ის ბიზნესის ადმინისტრირებას და საინფორმაციო ტექნოლოგიებს სწავლობდა. BCIT ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს და აცხადებს, რომ სტუდენტების პრივატულობის დაცვა მისი პოლიტიკაა.
ქობალია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ამ თვეში დაინიშნა. მისი მამის თქმით, ქობალია საქართველოს პრეზიდენტს ვანკუვერში, თებერვალში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს შეხვდა.
ქობალია საერთაშორისო ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი პიკანტური ფოტო, სადაც ის მწირად შემოსილ ქალებთან ერთადაა გადაღებული, რუსულ მედიაში გამოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეების“ დანიშვნის გამო გააკრიტიკეს.
ქართველი ქობალია, მისი Facebook-ის გვერდიდან აღებულ ფოტოსთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ იგი არა ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბში, არამედ 10 წლის წინ, ფლორიდაშია გადაღებული. თუკი ეს მართალია, მაშინ 10 წლის წინ იგი 18 წლის იქნებოდა (აშშ-ი 21-წლამდე ალკოჰოლური სასმელის მიღება აკრძალულია).
foreignpress