ხელისუფლება მზადაა, გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი, ერთ-ერთი ასეთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს ნიკა გვარამიას დაკავება

ხელისუფლება მზადაა, გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი, ერთ-ერთი ასეთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს ნიკა გვარამიას დაკავება

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მონაწილეობით შემდგარი შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის სრული ვერსია, განადგურებულია, თუმცა სანამ მისი განადგურება მოხდებოდა, ჩანაწერის მოპოვება უკანონოდ მოხდა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მას მოსმენილი აქვს ჩანაწერის სრული ვერსია და აქედან გამომდინარე აქვს ინფორმაცია, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც შს სამინისტრომ დაადასტურა, მონტაჟია, ვინაიდან მასში არაა ასახული ყველა ის დეტალი, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა შეხვედრისას.

”ჩანაწერის სრული ვერსია ბუნებაში აღარ არსებობს. როდესაც მოხდა მისი ჩაწერა, მე როგორც ”რუსთავი 2”-ის ადვოკატს, მომასმენინა ნიკა გვარამიამ ვინაიდან შეიძლება გამოგვეყენებინა მტკიცებულებად, თუმცა მას შემდეგ რაც მოვისმინეთ შინაარსი, მივიჩნიეთ რომ მტკიცებულებად არ გამოგვადგებოდა, არაფერში არ გვჭირდებოდა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვენადგურებინა. უბრალოდ, ვიდრე განადგურდებოდა, უკანონოდ მოხდა ან ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და მოპარვა ამ ჩანაწერის, ან სხვა ფორმით განხორციელდა ამ ჩანაწრის მოპარვა და შემდეგ აღმოჩნდა იუთუბიზე”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატი ნიკა გვარამიას დაკავებას, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

”ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ხელისუფლება დიდი ხანია გაცდა კანონიერების ჩარჩოებს. აშკარაა, ხელისუფლება მზადაა გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი, ”რუსთავი 2”-ის ხელში ჩასაგდებად და ერთ-ერთი ასეთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს ნიკა გვარამიას დაკავება”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.