დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს - ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ თუ რას გაუძლო ებრაელმა ხალხმა

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს - ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ თუ რას გაუძლო ებრაელმა ხალხმა

არც ერთ სახელმწიფოს არ გაუვლია ის, რაც ისრაელის სახელმწიფომ გაიარა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ თუ რას გაუძლო ებრაელმა ხალხმა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

„უსაფრთხოების გამოწვევები, რომელსაც ისრაელი უპირისპირდება უზარმაზარია, მათ შორის ირანის ბირთვული ამბიციების საფრთხე, რაზეც მე ბევრი ვისაუბრე. ირანთან მიღწეული შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმებაა, რაც მინახავს. ჩემმა ადმინისტრაციამ უკვე დაუწესა ირანს ახალი სანქციები და მე უფრო მეტს გავაკეთებ, რათა ირანმა არ მიიღოს ოდესმე ბირთვული შეიარაღება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, გაერო უსამართლოდ ეპყრობოდა ისრაელს და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ითანამშრომლებს ისრაელთან და რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებთან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. 

„აშშ ხელს შეუწყობს მშვიდობას და სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ ბეჯითად ვიმუშავებთ ამ კუთხით“, - თქვა დონალდ ტრამპმა. 

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ისრაელს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე აშშ და აშშ-ს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე ისრაელი“.

„ჩვენი ალიანსი ყოველთვის განსაკუთრებულად ძლიერი და მტკიცე იყო, მაგრამ თქვენი მმართველობისას დარწმუნებული ვარ, ეს ალიანსი უფრო მტკიცე გახდება“, - განუცხადა დონალდ ტრამპს ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ნათლად ავლენთ გამბედაობას გამოწვევებთან დაპირისპირებაში. თქვენ მოუწოდებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმთან დაპირისპირებისკენ. თქვენ განაცხადეთ, რომ აშშ მოწადინებულია ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში. თქვენ მოუწოდებთ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისკენ. თქვენი მმართველობისას მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ რადიკალური ისლამის დამარცხებას. და ამ საკითხში, ასევე ბევრ სხვა საკითხში ისრაელი თქვენს გვერდით დგას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.