გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად კურთხევა არ არის საჭირო, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. ამით დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გამოეხმაურა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის სასულიერო პირებთან შეხვედრის მოთხოვნას, რომ ჩვენების მისაცემად კურთხევა სჭირდება.
”რაც შეეხება კურთხევის მიღებას, ეს ცოტა მიკვირს. მე როდესაც ბრალდებული ვარ, არავისი კურთხევა არ მჭირდება იმისთვის, რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. სიმართლის თქმისთვის არავის კურთხევა არ მჭირდება. ერთადერთი, რისთვისაც მას ჭირდება სასულიერო პირი, ეს არის მისი სულიერი მდგომარეობა. მას, როგორც ციხეში მყოფს, სჭირდება დახმარება იმ მოძღვრისგან, ვინც შევა და სულიერ დახმარებას გაუწევს. თვითონ გამოძიებაზე და ჩვენების მიცემაზე კურთხევა არ სჭირდება”, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
რაც შეეხება წაყენებულ ბრალდებებს, დეკანოზის თქმით, ერთი მხრივ ძალიან ძნელია ბრალდების დაჯერება, მეორე მხრივ კი პროკურატურის მიმართ უნდობლობის საფუძველი არ არსებობს.
”ძალიან ძნელია დაიჯერო ის ბრალდება, რაც აქვს წაყენებული მამა გიორგის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის. ჩვენც თავს ვიკავებთ დაჯერებისგან. თუმცა, მეორე მხრივ, არ გვაქვს უნდობლობა სახელმწიფოს მიმართ, რომ ის მიკერძოებულად ან ანგარებით აკეთებს ამ საქმეს. მძიმეა, როდესაც ადამიანი, მღვდელი განიზრახავს ვინმეს მოკვლას, მაგრამ ცილისწამებაში არ უნდა გადავარდეთ. სიმშვიდეა საჭირო, დავაკვირდეთ და მონიტორინგი გავუწიოთ ამ საქმეს”, - აღნიშნა დეკანოზმა.