ლაშა ჟვანია - ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება

ლაშა ჟვანია - ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება. როგორც ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, პატრიარქის სურვილია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საქართველოში. 

”სასიამოვნო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. მისი უწმინდესობა საქართველოში ორშაბათს დაბრუნდება. ყველაფერი მიდის კარგად და ამიტომ, ექიმების გადაწყვეტილებაც არის და მისი უწმინდესობის სურვილიც, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს”, - განაცხადა ჟვანიამ. 
რაც შეეხება გამოძიებას, მისი თქმით, საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება პროკურატურის მხრიდან, რომლის გამოძიების მიმართაც მას აქვს ნდობა. 

”ველოდები გამოძიების შედეგებს, რომ დაიდოს უფრო მეტი დეტალი. როდესაც არ არის დეტალი, საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი უკვე საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს, ვარაუდი არის მცდარი, რაც არ უწყობს საქმის გამოძიებას ხელს”, - აღნიშნა ჟვანიამ. 
რაც შეეხება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს განცხადებებს, ჟვანია აცხადებს, რომ მისი წარმოდგენილი ფაქტები უნდა იყოს გამყარებული დოკუმენტურად. 

”ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიერ გაჟღერებული ფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემთვის სიახლე იყო. მე რას ვფიქრობ, ის რომ საჯაროდ ვისაუბრო, დავუდებ საფუძველს ახალ დებატებს. ყველაფერი უნდა ეყრდნობოდეს დოკუმენტაციას. მე ვისურვებდი, რომ გუშინ დასახელებული ფაქტები მეუფე პეტრეს მიერ, გამყარებული იყოს დოკუმენტალურად. ეს ფაქტები, ეს ინფორმაციები, ჩემთვის არის მხოლოდ ინფორმაცია, მხოლოდ ნააზრევი, თუ მას არ ახლავს დოკუმენტალური გამყარება. თუკი არის სადმე პრობლემა, მაშინ ყველას ინტერესი უნდა იყოს, ჩემი, თქვენი, ეკლესიის, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი აუდიტი და გაირკვეს ყველაფერი ქონებასთან დაკავშირებით და დადგინდეს, არის თუ არა 100%-ით გამოყენებული ეკლესიის მიზნებისთვის. ჩემი ინფორმაციით, ბევრი ქონება არის გამოყენებული ეკლესიის სიკეთისთვის. იგივე, გუშინ დასახელებული ჩამორთმეული სახლი. იქ გახლდათ დედათა და ბავშვთა პანსიონი და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი. ამ სახლს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მეუფე პეტრე შეცდომაში იყო შეყვანილი”, - განაცხადა ჟვანიამ.