ადვოკატი ირმა ჭკადუა ადასტურებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმეა.
როგორც ჭკადუამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, კითხვები გამოძიებას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაიკითხნენ გარკვეული მოწმეები.
”მე დამიბარა საგამოძიებო ორგანომ. გიდასტურებთ, რომ ვარ მოწმე. ამავდროულად, დადებული მაქვს ხელწერილი, რომ არ მაქვს უფლება გავახმაურო ფაქტები და დეტალები, რომ გამოძიების ინტერესი არ დაზარალდეს. მივეცი ჩვენება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ვიცოდი. ძალიან სენსიტიური საკითხია და თუ გამოძიებას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ იმუშავონ და ყველამხრივ გასცენ კითხვებს პასუხი, ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული საქმის მიმართ, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა მოხდა რეალურად და არა ის, რომ მასმედია და ტელევიზია არ არის საგამოძიებო ორგანო და არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების ტელეეკრანებზე განხილვა, რადგან ჟურნალისტები არ არიან გამომძიებლები. გამოძიებას ჩემთან კითხვები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც დაიკითხნენ გარკვეული მოწმეები. რაც ვიცოდი, სრულყოფილად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია”, - აღნიშნა ჭკადუამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო დაცვის გამოყოფის საკითხი მასთან დაკავშირებით არ დამდგარა.
როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კიდევ ერთი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა.