მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასე ვთანამშრომლობთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე თურმე საერთო ხედვები გვაქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განმწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
„ერთ-ერთი საკითხი, რასთან მიმართებაშიც იყო გამოყენებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნა სწორედ სამწლიანი ვადის ცენზს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასე ვთანამშრომლობთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გვაქვს თურმე საერთო ხედვები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების ირგვლივ ჩვენში იყოს გახსნილი და გულწრფელი დიალოგი. ვეტო ეხებოდა მოსამართლეთა უფლებას, იყვნენ უკვე საერთო სასამართლოებში, იყვნენ უფრო დაცულები, იყოს მეტი დემოკრატია ამ სისტემაში. ამ საკითხის ირგვლივ არაერთი აზრი გამოითქვა და პოლიტიკურმა დებატებმა მოიცვა ჩვენი საზოგადოება, თუმცა ყველაზე მეტად მე დამაინტერესებდა სწორედ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ რეალურად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რა წესით იფუნქციონიროს 300 ადამიანისგან შემდგარმა მოსამართლეთა კორპუსმა. მათი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, უნდათ თუ არა მათ მეტი თავისუფლება და მეტი დემოკრატია თავიანთ სისტემაში, ჩემთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო, ყურადსაღები და მოსასმენი. მიმაჩნია, რომ თავისუფლად აზრის გამოთქმა არის ის წინაპირობა, რომელიც ამუშავებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულწრფელად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები ყველგან, ყველა ადგილას და არამარტო ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კანონონპროექტთა პაკეტის გარდა, პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მის მიერ გამოყენებულ ვეტოზეც ისაუბრა.
„დღეს მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესი ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. მინდა მკვეთრად დავაფიქსირო, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ამოსავალი განპირობებული იქნება სწორედ თქვენ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან; იმ შეხედულებებიდან, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა ამ კანონთან მიმართებაში. მე ამ კანონის განხილვის პროცესში ვიყავი ჩართული თავიდანვე, პირველ ეტაპზე, როდესაც საჭირო გახდა ვეტოს გამოყენება. ახლა უკვე ამ კანონის განხილვის პროცესში თქვენი გადაწყვეტილება არის ის, რითიც ვიხელმძღვანელებთ, როდესაც ვითანამშრომლებთ ამ კანონის დახვეწასა და განვითარებაზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.