მამალაძეს მე, რა თქმა უნდა, არ გავესაუბრები - ვისთანაც ახლოს არის, ისინი გაესაუბრონ

მამალაძეს მე, რა თქმა უნდა, არ გავესაუბრები - ვისთანაც ახლოს არის, ისინი გაესაუბრონ

არასერიოზულია სასულიერო პირებიდან იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაც შეიძლება არ გააკეთოს - ადამიანი თუ დაშორდა ღმერთს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს, - ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რითაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„საერთოდ, არასერიოზულია სასულიერო პირებიდან იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაც შეიძლება არ გააკეთოს. ადამიანი თუ დაშორდა ღმერთს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს, თუ საშუალება მიეცა. მე ახლა უშუალოდ მამა გიორგიზე არ ვლაპარაკობ, ღმერთმა დაიფაროს. ციხეშია და არ მინდა მაგ კაცზე საუბარი“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მეუფე იაკობი დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ბრალდებებსაც გამოეხმაურა საპატრიარქოში ფინანსური კუთხით არსებული პრობლემების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არის.

„შიდა აუდიტს მე ვაკეთებდი, მამალაძე იბრალებს და არაფერი პრობლემა არ იყო მაგაში. ფინანსებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის ჩვენთან საპატრიარქოში... მაგ თემებზე მე მქონდა ნამუშევარი და მამალაძემ ჩემი ნამუშევარი თემები აიღო“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის სურვილს, რომ სასულიერო პირებს შეხვდეს, მეუფე იაკობის თქმით, პირადად ის მამა გიორგი მამალაძეს „არ გაესაუბრება“.

„არ ვიცი, ახლა იმას გონებაში რა აქვს. ძალიან მძიმე ბრალდებითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, მე არ გავესაუბრები მამალაძეს. ვისთან ერთადაც ახლოს არის, ისინი გაესაუბრონ“, - დასძინა ქორეპისკოპოსმა.