სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს

სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს

სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს, - ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი, ვის მითითებებსაც ემორჩილება, პატრიარქია.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ დაახასიათებს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, რომელსაც მეუფე პეტრე ცაავას მტკიცებით, სასულიერო პირებზე სერიოზული გავლენა აქვს, ქორეპისკოპოს იაკობის შეფასებით, ის „თავის საქმეს აკეთებს“.

„როგორ დავახასიათებ? - ჩვეულებრივად, თავის საქმეს აკეთებს. მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს. სამარცხვინოა ამაზე საუბარი. „ოქროს თევზებს“ რაც შეეხება - პირველად გუშინ გავიგე მეუფე პეტრესგან. არასერიოზულია უბრალოდ. მეუფეს უნდა შერცხვეს. როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი უნახავს და ასეთ სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თვითონ მაინც იცის, რომ იტყუება ჩემი მისამართით. პატრიარქის გარდა სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს, თუმცა უწმინდესი კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს...

თუ უწმინდესი დაავალებს ქალბატონ შორენას რამეს და თუ ის გადასცემს რამეს, მაშინ ყველა ვალდებულია, ეს გააკეთოს“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არის ის გაჟღერებული ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, იმიტომ, რომ მისი ეშინიათ.

„ჩემი შიში აქვთ. რატომ ეშინიათ და იმიტომ, რომ მაპატიეთ და მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, რომ აკეთოს და მაგიტომ - ვინც არ უნდა იყოს ის“, - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ” ოქროს თევზს” ეძახის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა.

მან ისაუბრა ასევე მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის ”უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების”.

”შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის ”ოქროს თევზს”. ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.