გიორგი ვოლსკი „რესპუბლიკელების“ მოსაზრებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე არ იზიარებს

გიორგი ვოლსკი „რესპუბლიკელების“ მოსაზრებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე არ იზიარებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი კატეგორიულად არ იზიარებს „რესპუბლიკური პარტიის“ მოსაზრებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია დიდი ხანია ცნობილია და ამის გამო „ქართული ოცნებაც“ იღებდა შენიშნვებს კოალიციური ერთობის დროს. დეპუტატის შეფასებით, ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა ის შეცდომაა, რომელსაც „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის უშვებდა და ალბათ, მომავალშიც არ დაანებებს თავს. ვოლსკი საუბრობს იმ მნიშნელოვან დამსახურებაზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქართლი სახელმწიფოს მიმართ გააჩნია.

“სახელმწიფოს სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები კონკრეტულ შემთხვევებში როგორ მოქმედებენ. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სპეკულაციებს, თითქოს ეკლესია ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემსახურება. იგი ემსახურება სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა არის უდიდესი შეცდომა, რასაც ამ შემთხვევაში „რესპუბლიკური პარტია“ უშვებს. მათ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესების პრიზმიდან გამომდინარე ასეთი როლი არასწორია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საზოგადოების განვითარებაში და ჩვენი ეკლესია არ არის ის, რასაც „რესპუბლიკური პარტია“ ხშირად წარმოაჩენს - რაღაც რეგრესული ძალა.

„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.