მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის მიცემის საქმეზე პროკურატურამ თბილისის მერი და მისი მოადგილეები უნდა დაკითხოს

მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის მიცემის საქმეზე პროკურატურამ თბილისის მერი და მისი მოადგილეები უნდა დაკითხოს

მოწმის სახით მინიმუმ უნდა დაიკითხნონ თბილისის მერი და მისი მოადგილეები, ასევე ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი, მოსამართლე ნატა ნაზღაიძე და მისი ოჯახის წევრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, ის პროკურატურაში შედის, რათა დამატებით მიაწოდოს საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ. აბესაძის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულება და დოკუმენტი არის საჯარო და ატვირთულია მერიის, საკრებულოს და საჯარო რეესტრის ვებ-გვერდებზე.

”პროკურატურა ვალდებული იყო გასული ორი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ეწარმოებინა გამოძიება ამ მძიმე კორუფციულ სამართალდარღვევაზე. საქმე ეხება ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონი ლარის მხოლოდ ერთი მოსამართლისთვის გაცემის საკითხს მაშინ, როდესაც ამ თანხით შესაძლებელი იყო სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარება. როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შედეგად ეს თანხა უპრობლემოდ გადაეცა მოსამართლის ოჯახს. ამ საკითხზე, როგორც ჩანს, პროკურატურას დამატებით აინტერესებს ჩვენი მოსაზრება ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება ითხოვდეს მერს და მერიის მაღალი თანამდებობის პირებს და აკეთებდეს დასკვნას, იყო დანაშაული ჩადენილი თუ არა. ყველა მტკიცებულება არის საჯარო დოკუმენტი და საქმე გამოსაძიებლად მარტივია. ეს დოკუმენტები არის მერიის, საკრებულოს, ასევე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდებზე. ყველა ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ ნაზღაიძე სტიქიის შედეგად არ დაზარალებულა, თუმცა მან მიიღო 1 მილიონი ლარი”, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, ნაცვლად საქმის გამოძიებისა, პროკურატურა დაკავებულია საქმის მიჩქმალვით.