დავით ხეჩუაშვილს, ბორის ჩაგუნავას და მინიმუმ კიდევ ერთ პირს აღარაფერი უშლით ხელს, რომ ჩემი ან სხვისი აფეთქება სცადონ

დავით ხეჩუაშვილს, ბორის ჩაგუნავას და მინიმუმ კიდევ ერთ პირს აღარაფერი უშლით ხელს, რომ ჩემი ან სხვისი აფეთქება სცადონ

დავით ხეჩუაშვილს, ბორის ჩაგუნავას და მინიმუმ კიდევ ერთ პირს აღარაფერი არ უშლით ხელს იმისთვის, რომ ჩემი ან სხვისი აფეთქება სცადონ, ან ნებისმიერი სხვა დანაშაული ჩაიდინონ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს”, ”ევროპული საქართველოს” წევრმა გივი თარგამაძემ განუცხადა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ის დღეს თბილისის პროკურატურაში მისვლას გეგმავს, რათა იმ დარჩენილ მასალებს გაეცნოს, რომელიც მისი მანქანის აფეთქების საქმეს ეხება.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლომ მის საქმესთან კავშირში მყოფი ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ სცნო, თუმცა მას პირობითი სასჯელი შეუფარდა და სასამართლოდან გაათავისუფლა.

”ცინიკური გადაწყვეტილება იყო ჩაგუნავასთვის პირობითი სასჯელის შეფარდება. რაც შეეხება აფეთქების საქმეს სასამართლომ დაადგინა, რომ აქ ჩაგუნავას კავშირს ვერ ხედავს. რეალურად კი ჩემს საქმეში, გამოძიების წარმოების საფუძველი არის ჩაგუნავას ჩხრეკა და ჩვენება. ხეჩუაშვილაზე გამოძიება გავიდა მანქანის მეშვეობით, რომელიც მას გაფორმებული ჰქონდა ჩაგუნავაზე. მაინტერესებს გავარკვიო რატომ გააგრძელეს წინასწარი გამოძიების ვადა ხეჩუაშვილის საქმეზე და ახლა უკვე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ელოდებოდნენ მეორე საქმეზე განაჩენს”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, ადამიანისთვის, რომელსაც ავტოფარეხში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩნდა, პირობითი სასჯელის ან გამოსაცდელი ვადის შეფარდება, სასაცილოა.

”ადამიანებს ზოგჯერ უდებენ იარაღს, ზოგჯერ არ უდებენ, იჭერენ და 4 წელს და უფრო მეტს ახდევინებენ. ამ ადამიანს ავტოფარეხში უპოვეს უზომო რაოდენობის, ყველანაირი ასაფეთქებელი მასალა, რაც ერთი დიდი შენობის აფეთქებას ნამდვილად ეყოფოდა. გარდა ამისა, რკინის ნაწილები, რომელიც ოპოვეს ფარეხში, ზუსტად ისეთივე, რუსული წარმოების იყო, რაც იდო იმ ჰექსოგენის პაკეტში, რომელიც ჩემს მანქანას მიამაგრეს. ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალაზე პირობითი ან გამოსაცდელი ვადის მიცემა უბრალოდ სასაცილოა. ჩაგუნავას ეპიზოდს და მის ჩვენებას თუ გამოაცლიან ძირითად საქმეს და დარწმუნებული ვარ, აქეთკენ მიდის გამოძიება, მაშინ ხეჩუაშვილის ბრალიც კი გაქარწლდება. როდესაც ვიკითხე, რის საფუძველზე აცხადებენ, რომ ხეჩუაშვილს აქვს დატოვებული საზღვარი, აქვს თუ არა მას დაფიქსირებული კვეთა, მითხრეს, რომ არ აქვთ ეს მონაცემი. გააჩნიათ თუ არა სარწმუნო მასალა როგორ გადაკვეთა საზღვარი - არ გააჩნიათ. უბრალოდ ვარაუდის დონეზე განაცხადეს ეს. თეორიულად ახლა შესაძლებელია მთელი ეს ჯგუფი - ხეჩუაშვილი, ჩაგუნავა და მინიმუმ კიდევ ერთი პირი არიან თავისუფლებაზე, აქვთ გარანტია, რომ დანაშაულის შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ მცირე დისკომფორტი იგრძნონ და შესაბამისად აღარაფერი არ უშლით ხელს, იმისთვის, რომ იგივე გაიმეორონ ჩემს მიმართ, სხვის მიმართ ან ნებისმიერი სხვა დანაშაული ჩაიდინონ”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.