პროკურატურამ სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე მეტი ინფორმაცია უნდა გასცეს

პროკურატურამ სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე მეტი ინფორმაცია უნდა გასცეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის აზრით, პროკურატურამ სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე მეტი ინფორმაცია უნდა გასცეს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პირადად მისი მოსაზრებაა და არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე უნდა მოხდეს და არ უნდა ჩაითვალოს პროკურატურაზე ზეწოლად.

„პროკურატურამ რასაკვირველია, უნდა გასცეს მეტი ინფორმაცია, მაგრამ მთავარია, რას მიიტანს ის სასამართლოში, სადაც საკითხი უნდა გადაწყდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაციის გაცემა იქნება უკეთესი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება ეკლესიას, ინსტიტუტს, რომლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება უამრავი ფაქტორით არის განპირობებული. ათჯერ უნდა დაფიქრდეს პროკურატურა, რა სახის ინფორმაციას და როგორ მასალას წარმოადგენს. ასევე ექსპერტები უნდა ისხდნენ და ფიქრობდნენ, როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოებრივ განწყობებზე. ეს ჩემი აზრია, ვინმემ შეიძლება შემისწოროს, რომ სამართალი ერთია ყველასთვის. რომაული სამართალი ამბობს, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს. მაგრამ დღევანდელი რეალობა გასათვალისწინებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ მრევლი, ისევე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი ვალდებულია ძალიან ფრთხილად იყოს საკუთარ განცხადებებში. ერთადერთი მოცემულობა, რომელიც შექმნილია, არის ის, რომ ადამიანი ციანიდით გერმანიაში მიემართებოდა.