დეპუტატი ირაკლი აბესაძე პროკურატურაში დაიბარეს

დეპუტატი ირაკლი აბესაძე პროკურატურაში დაიბარეს

”ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფას.

როგორც აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის გამოცხადდეს უწყებაში. აბესაძე პროკურატურაში 11:30 საათზეა დაბარებული.

მისივე თქმით, პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.

„ზვიად ნაზღაიძემ მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ზვიად ჩოხელს გადასცა“, - აღნიშნა აბესაძემ პრესკონფერენციაზე.

აბესაძეს თან ჰქონდა აღნიშნულ ორ პირს შორის ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება. როგორც მან განმარტა, იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო უპრეცედენტო კორუფციულ ფაქტზე რეაგირება, განხორციელდა ტრანზაქცია, „რომელიც შექმნის სამართლებრივ პრობლემებს, რათა ვერ მოხერხდეს აღნიშნული კორუფციული გარიგების აღმოფხვრა“.

”ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის ყადაღა დაედო, მოხდა უკანონო ტრანზაქცია, რომლითაც იქმნება სამართლებრივი პრობლემები, რათა ვერ მოხდეს უკანონო კორუფციული გარიგების აღმოფხვრა”, - განაცხადა აბესაძემ.