დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი მამალაძემ განუცხადა, მას სახელმწიფო დაცვა თავად არ მოუთხოვია და მოწმეთა დაცვის პროგრამაში ის პროკურატურის ”დაჟინებით” მოხვდა. 

ამასთან, ირაკლი მამალაძის თქმით, ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ უკვე დაკითხა და თანამშრომლობა გრძელდება. 

”ის, რაც საქმეში დევს, არის ასე ვთქვათ გამოძიების საგანი. მე პირადად დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დაწერილი. ნებისმიერი სიტყვა თქვენთან ნათქვამი შეიძლება, ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ მე მოვიქეცი ისე, როგორც იქცევა კანონმორჩილი მოქალაქე - ვითანამშრომლე გამოძიებასთან. დანარჩენი - გამოქვეყნდება ალბათ ჩანაწერები თუ ვინმე მოითხოვს. საზოგადოების დიდ ნაწილს ეს აინტერესებს და იქნებ, პროკურატურამ დაუშვას და დახურულ სივრცეში მაინც აჩვენოს მტკიცებულებები. შესაბამისად კითხვებიც მოიხსნება. თუმცა ის, რომ მე თუნდაც ჩამეწერა დანაშაულის დაგეგმვა, ამაში მე ვერ ვხედავ დანაშაულის ნიშნებს. მე ვარ მორალურად მტკიცე და მართალი და კანონთანაც მართალი ვარ. ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და დაკითხულიც ვარ ამ საქმესთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე დანაშაული აღიკვეთა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან და პრესიდან,” - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

რაც შეეხება ნათესაურ კავშირს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ჟურნალისტი დაკავებულ მოძღვართან ნათესაურ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მას დეკანოზთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. 

”მე მამა გიორგისთან მაკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა. კერძოდ, ის პერიოდულად გადმომცემდა საპატრიარქოში არსებულ სკანდალურ მასალებს, რომელსაც მე სხვადასხვა ბეჭდური მედიის მეშვეობით ვაქვეყნებდი. რაც შეეხება ნათესაურ კავშირს, მე ამას არ ვადასტურებ,” - განაცხადა ირაკლი მამალაძემ. 

ირაკლი მამალაძე დეკანოზის საქმეში ერთ-ერთი მოწმეა.