სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკა შეიძლება ორ-სამ დღეში დატოვოს, - ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”, ბერლინიდან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებენ, რომ ილია მეორე საქართველოში დაბრუნებას დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს.
”მთელ საქართველოს ვულოცავ პატრიარქის კარგად ყოფნას. ოპერაცია ძალიან წარმატებული იყო, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. იმედია, რომ დაახლოებით ერთ კვირაში პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება.
დღეს საღამოს ექიმები შემოგვთავაზებენ ვადას, როდის შეიძლება კლინიკიდან წასვლა. თვითონ პატრიარქს სურვილი აქვს უკვე დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ გვინდა ყველაფერი იყოს ისე, როგორც უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის”, -განაცხადა ცისანა შარტავამ.
კითხვაზე, არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქმა 15 თებერვალს დატოვოს კლინიკა, ექიმმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა ორ-სამ დღეში მოხდეს.