იენს სტოლტენბერგი მაიკლ ფლინის გადადგომის შესახებ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს

იენს სტოლტენბერგი მაიკლ ფლინის გადადგომის შესახებ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არ აპირებს კომენტარის გაკეთებას აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მაიკლ ფლინის გადადგომის შესახებ.

„ჩემი შესაფასებელი არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის გადადგომა. სხვადასხვა მოკავშირეები სხვადასხვა მრჩეველებს ნიშნავენ, ისინი ასევე ცვლიან ხალხს, რომლებსაც უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა პოზიციები უკავიათ“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტმა, თავდაცვის მდივანმა და სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს მისამართით აშკარა სიგნალი გააგზავნეს, რომ აშშ ნატო-სადმი აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ნატო სასარგებლოა როგორც ევროპის, ასევე აშშ-ის უსაფრთხოებისთვის.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა.

მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ.

„სამწუხაროდ, მოვლენების სწრაფი განვითარების გამო, მე, არამიზანმიმართულად მივაწოდე ვიცე-პრეზიდენტს და სხვებს არასრული ინფორმაცია რუსეთის ელჩთან ჩემი სატელეფონო საუბრების შესახებ. მე გულახდილად ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს და მათ მიიღეს ჩემი მობოდიშება. მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას“, - ნათქვამია მაიკლ ფლინის განცხადებაში.