ნიკა მელია:   არ გამიკვირდება, რომ ნიკა გვარამიას ხელისუფლებამ ბრალი წაუყენოს

ნიკა მელია: არ გამიკვირდება, რომ ნიკა გვარამიას ხელისუფლებამ ბრალი წაუყენოს

როდესაც მნიშვნელოვანი მამხილებელი დოკუმენტაცია წარმოიშვება ამა თუ იმ მიმართულებით, რაც ”ქართულ ოცნებას” ამხელს დანაშაულში ან გადაცდომაში, სუს-ი და „ქართული ოცნება“ იწყებს თემის შეცვლას, რათა გადაფაროს ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება მას, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ არჩილ თალაკვაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მოითხოვს, რომ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყოს.

ნიკა მელიას თქმით, ”ქართული ოცნება” ცდილობს გადაფაროს მოსამართლეებზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტები.

”როდესაც მნიშვნელოვანი მამახილებელი დოკუმენტაცია წარმოიშობა ამა თუ იმ მიმართულებით, რაც ”ქართულ ოცნებას” ამხელს დანაშაულში ან გადაცდომაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ”ქართული ოცნება” იწყებს თემის შეცვლას, რათა გადაფაროს ის პრობლემა, რომელიც ოცნებას უკავშირდება. ქრთამის მიცემა ნაზღაიძესთვის, ასევე ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე არის უსერიოზულესი პრობლემა „ოცნებისთვის“ და ისინი ცდილობენ როგორმე გადაფარონ ეს თემები, ამიტომ მოიგონეს ნიკა გვარამიას დაკითხვა დღეს. მე არ გამიკვირდება, რომ ნიკა გვარამიას ხელისუფლებამ ბრალი წაუყენოს, რათა მინიმუმ საზოგადოებაში შთაბეჭდილებების აღრევის მცდელობა მოახდინოს, თითქოს ხელისუფლება კი არ არის ვინც მოქრთამა მოსამართლე, არამედ ეს ერთი ადამიანი, გვარამია ყოფილა თურმე კაცობრიობის პრობლემა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.