მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილში ასახული ფაქტები „ხელოვნურად დრამატიზებულია“

მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილში ასახული ფაქტები „ხელოვნურად დრამატიზებულია“

მამა გიორგის მის უწმინდესობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდა. მას შეეძლო დღეში ერთხელ კი არა, რამდენჯერმე შეხვედროდა პატრიარქს, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მამა მიქაელმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნის და რომელშიც კორუფციულ სქემებზეა საუბარი.

დეკანოზის თქმით, წერილში ასახული ფაქტები ხელოვნურად დრამატირებულია, თუმცა არც გამორიცხავს, რომ ის მართლაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაწერილი იყოს.

„გავეცანი ამ წერილს და სამწუხაროდ, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ წერილში ძალიან ბევრი საკითხი ხელოვნურად არის დრამატიზირებული. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არსად არ არის და ვერც ერთ საწარმოსა და ინსტიტუციაში ვერ იქნება, მაგრამ ის, რომ რაღაც კორუფციული სქემებია, ამას ვერ გავიზიარებ. ამას სჭირდება რაიმე მყარი არგუმენტები, თუ რატომ საუბრობს მამა გიორგი ამ საკითხებზე. თანაც ამას აკეთებს წერილობითი ფორმით. მე არ ვიცი, რატომ დასჭირდა, თუ მართლა მისია ეს წერილი. თემები მაფიქრებინებს, რა თემებზეც იქ არის საუბარი - მამა გიორგის ამ თემებთან ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა. ალბათ, დიდი ალბათობით, შეიძლება, რომ მართლაც მისი დაწერილი იყო. მას არ ჰქონდა მის უწმინდესობასთან კომუნიკაციის პრობლემა. მას შეეძლო დღეში ერთხელ კი არა, რამდენჯერმე შეხვედროდა პატრიარქს, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა. ის ორი სამსახურის ხელმძღვანელი იყო: იოაკიმ და ანას სახელობის კლინიკის დირექტორი და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე. ასე, რომ ამ წერილის სინოდზე განხილვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. საკითხები, რომელთანაც მე შემხებლობა მაქვს და უკეთესად ვიცი - იქ რა თქმა უნდა, აშკარად გადაჭარბებულია და დრამატიზირებულია მოვლენები“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე, თუ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, მამა მიქაელის თქმით, ასეთი ალბათობის დაშვება ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება.

„ყველა ადამიანს პოტენციალში შეიძლება ჰქონდეს ასეთი განზრახვა, ღმერთმა ყველა დაიფაროს! ამიტომ ის ინფორმაცია, რაც მივიღეთ, განცხადებაშიც აღვნიშნეთ, ძალიან გამაოგნებელია და ძალიან დიდი მოულოდნელობაა სასულიერო პირი გეგმავდეს ეკლესიის მეთაურზე ასეთ თავდასხმას. ჩვენ ველოდებით საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის გამოტანას გარეთ, რათა საზოგადოებაში შეკითხვები აღარ იყოს. გულწრფელად ვამბობ, ნამდვილად არ გამეხარდება, თუ გამოძიების კვალი ასე წავა და მამა გიორგი უსიამოვნებაში აღმოჩნდება. ნამდვილად არ გამეხარდება. გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას“, - აღნიშნა მამა მიქაელმა.

მისი თქმით, გამოძიების ფაქტის დაწყების შესახებ პატრიარქისთვის ცნობილია.

„სჯერა, არ სჯერა, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით უწმინდესი, ეს გვეცოდინება, როდესაც მისი უწმინდესობა თბილისში დაბრუნდება. ალბათ, შემდგომ თავად გააკეთებს ამ საკითხებზე შეფასებას“, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.