ჯონ ბასის ვიდეომიმართვა (VIDEO)

ჯონ ბასის ვიდეომიმართვა (VIDEO)

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი  აშშს-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ  ყოველწლიურ ანგარიშთან  დაკავშირებით სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელსაც თან ქართული ტიტრებიც ახლავს.

„წელს ანგარიში ახალი ფორმატით წარმოვადგინეთ, იგი შემოკლებულია, მარტივად იკითხება და ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, რომლებშიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად  დამატებითი პროგრესია საჭირო,“– აღნიშნავს ბასი.

მისივე თქმით, 2011 წლის განმავლობაში კონკრეტულ სფეროებში პროგრესი შეინიშნებოდა. აშშ–ის ელჩს მაგალითებად მოჰყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აშენება, ზოგიერთი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, რელიგიური უმცირესობებისთვის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესაძლებლობის მიცემა.

პრობლემურ საკითხებად კი ელჩი პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ ცუდ მოპყრობას ასახელებს, ასევე საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებსა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ პრობლემებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ მედიაში აზრთა მრავალფეროვნება წარმოდგენილია, მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი გავლენა წამყვან მაუწყებლებზე კვლავ იწვევს წუხილს,“–აცხადებს ჯონ ბასი მედიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამაღელვებელია ის, რომ  სამართლადამცავები, რომლებმაც 26 მაისის აქციის დროს მომიტინგეების წინააღმდეგ ჭარბი ძალა გამოიყენეს, დღემდე არ დასჯილან.

ჯონ ბასი საკუთარ მიმართვაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზეც საუბრობს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიებს საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს და იქ მუდმივად ირღვევა ადამიანთა უფლებები.

„შეერთებულ შტატებს კვლავ მიაჩნია, რომ უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურენტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,“– აცხადებს ბასი და განმარტავს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის აშშ–მა 60 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

 Tspress-დან გთავაზობთ   ჯონ ბასის მიმართვის სრულ ტექსტს, რომელიც გაკეთდა ვიდეომიმართვის ტიტრებიდან(სტილი დაცულია):

     დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით და უყურებთ ამ ვიდეომიმართვას.

 მსურს შევეხო ადამიანის უფლებებსა და ჩვენი ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების თემას. შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების პატივისცემას მთელ მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ ეს ანგარიში ამ ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილია.

 შეფასებას ვაკეთებთ მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყნის შემთხვევაში, მათ შორის, ვაფასებთ მდგომარეობას შეერთებულ შტატებშიც. წელს ახალი ფორმატით წარმოვადგენთ ანგარიშს: იგი შემოკლებულია, მარტივად იკითხება და ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, სადაც საერთშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დამატებითი პროგრესია საჭირო.

 ვინაიდან თავად ანგარიშში ყურადღება ნაკლებად არის გამახვილებული წინა წლის გაუმჯობესებებზე, მსურს ხაზი გავუსვა ზოგიერთ იმ სფეროს, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 2011 წელს. მათ შორის არის:

 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აგება;

ზოგიერთი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება;

და რელიგიური უმცირესობებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ დარეგისტრირდნენ საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.

 ასევე ვხედავთ იმ სფეროებსაც, სადაც მეტი პროგრესია საჭირო. ეს ხდება საქართველოში ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერის კონტექსტში, ვინც (მიუხედავდა იმისა, მუშაობს მთავრობაში, თუ სხვა ორგანიზაციაში) იღებს ვალდებულებას დაიცვას და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებს.

როგორც გასულ წელს მდივანმა კლინტონმა განაცხადა მის გამოსვლაში, ადამინის უფლებების თემაზე: „დემოკრატიული საზოგადოება ადასტურებს თავის სიდიადეს არა დაჟინებით, რომ იგი რეალურია, არამედ ინსტიტუტებისა და პრინციპების გამოყენებით, რომ გახდეს ... მეტად იდეალური“.

 საქართველოში კვლავ იწვევს წუხილს ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ ცუდი მოპყრობის და სტანდარტების სახიფათოდ შეუსაბამო პირობების შესახებ ზოგიერთ ციხეში. კვლავ რჩება ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის სფეროში, მათ შორის, აღინიშნება წუხილი სასამართლო ხელისუფლების მიერ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვასთან დაკავშირებით.

 მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ მედიაში აზრთა მრავალფეროვნება წარმოდგენილია, მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი გავლენა წამყვან მაუწყებლებზე კვლავ იწვევს წუხილს. მთავრობის ჩარევა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავისუფლების რეალიზებაში ასევე რჩება პრობლემად.

ჩვენ კვლავ გვაღელვებს, რომ უსაფრთხოების ძალების ინდივიდუალური წევრები, რომლებმაც გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს დემონსტრანტების მიმართ 26 მაისის საპროტესტო აქციის შემდეგ, არ იქნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 სამწუხაროდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რჩება სამთავრობო კონტროლის მიღმა და შეღწევა ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. კვლავ მოვუწოდებთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ტანამეგობრობის წარმომადგენლების შესვლა, რათა ჩვენ ყველამ შევძლოთ გამოვიკვლიოთ და ვუპასუხოთ ძალადობას, რომელიც იქ ხდება.

 შეერთებულ შტატებს კვლავ მიაჩნია, რომ უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურეტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ზუსტად ამიტომ ჩვენი დახმარების დიდ წილი (მათ შორის გასულ წელს გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის ოდენობა ახალი ინვესტიცია) მიმართულია საარჩევნო რეფორმის მხარდასაჭერად და კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ორგანიზაციების გასაძლიერებლად.

 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, არამედ ასევე არჩევნების წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ წუხილს იწვევს ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვების შესახებ.

 ასევე მიგვაჩნია, რომ ძალადობას, გამოხატულს მუქარით თუ ფაქტობრივად ნებისმიერი პირის მხრიდან არ აქვს ადგილი ამ კამპანიასა და წინასაარჩევნო გარემოში, ისევე როგორც       ქართულ საზოგადოებაში შეუმწყნარებლობის დამნერგავ განცხადებებს თუ წინადადებებს.

ჩვენმა მთავრობამ აიღო შეუქცევადი ვალდებულება, რომ ჩაებას ურთიერთობაში, მხარი დაუჭიროს და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებების დამცველები. მდივანმა კლინტონმა მოუწოდა ლიდერებს და მთავრობებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნიონ „არა მოწინააღმდეგედ, არამედ პარტნიორად“.

 ამ მიზნის მისაღწევად საელჩო გააგრძელებს ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის რელიგიურ ლიდერებთან, ადამიანის უფლებების დამცველებთან, მედიის წარმომადგენლებთან და ოპოზიციის წევრებთან. აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირები გააგრძელებნ საუბარს საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, როდესაც გვექნება წუხილის საგანი საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ასევე ყოველთვის მზად ვართ ვაღიაროთ მიღწეული პროგრესი.

 საქართველოს შესახებ ჩვენი ანგარიშის ვერსია ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე, ხოლო ანგარიშის ქართული თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება ერთი თვის ვადაში. შეერთებულ შტატებში მდგომარეობის ჩვენ მიერ გაკეთებულ შეფასებას შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ ვებ-გვერდზე. გმადლობთ რომ შემოგვიერთდით.