ძალიან სამწუხაროა პრეზიდენტის მხრიდან ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უპატივცემულობა

ძალიან სამწუხაროა პრეზიდენტის მხრიდან ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უპატივცემულობა

ძალიან სამწუხაროა პრეზიდენტის მხრიდან ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უპატივცემულობა, რაც მის განცხადებებში გამოიხატა, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების შეწყალების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე სასამართლოს მხრიდან რეაგირების საჭიროებაზეც საუბრობს. ”ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლება ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან სამწუხაროა, პრეზიდენტის მხრიდან ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უპატივცემულობა, რაც მისი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში იყო გამოხატული. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს პროკურატურის და ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხარისხი არის მკვეთრად გაზრდილი და მაშინ, როცა დაჩქარდა სასამართლო რეფორმის მესამე, ძალიან წარმატებული ტალღა. ამას ყველა აღიარებდა, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები გახლდათ პირდაპირი მითითება მის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის, რომ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები უნდა გამართლებულიყვნენ, ანუ მისი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში იყო მითითება, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომაც უნდა მოახდინოს რეაგირება და გააკეთოს შესაბამისი განცხადება. გამოდის, რომ პრეზიდენტი მისი მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებებით სასამართლოს საქმიანობაში ერევა”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური პრეზიდენტმა 27 იანვარს შეიწყალა.