ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

”ამისთვის მოხდება ახალი კანონპროექტების ინიცირება, რომელიც მაქსიმალურად შესაბამისი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერდება კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რაც ჩვენ, როგორც პარლამენტს და ხელისუფლების სხვა შტოებს, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. რჩება ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სხვა მექანიზმები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ეზრდება მანდატი და ექნება ეფექტური შესაძლებლობა, განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის შეიქმნება, დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ექნება.

”პრაქტიკულად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, რადგან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას ექნება საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია. როგორც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამასაც შექმნის სახელმწიფო და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ნდობა. ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მოემსახურება ყველა იმ საგამოძიებო ფუნქციის სამსახურს, რომელიც იყენებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ის არ იქნება არც ერთი უწყების იურიდიული პირი, თუმცა, მოემსახურება ყველა იმ უწყებას, ვინც იყენებს ამ ფუნქციას”, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.