გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროპის საბჭოს ჩართულობა, კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და ნდობის აღდგენის საკითხი.

საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, სასამართლო რეფორმას, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებისთვის, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრისას, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც გენერალური მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროსაბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელია დაესწრნენ.