არ არის საჭირო პრეზიდენტის ვეტოსგან უბედურების და ღალატის შექმნა - საკითხის „იქით“ გადატანა წელიწადნახევრის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ ამოცანა

არ არის საჭირო პრეზიდენტის ვეტოსგან უბედურების და ღალატის შექმნა - საკითხის „იქით“ გადატანა წელიწადნახევრის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ ამოცანა

არ მომწონს ის, რომ პრეზიდენტის ყოველი ვეტო უმრავლესობის წევრების მხრიდან აღიქმება ხოლმე, როგორც რაღაცა ცუდი საქმის ჩადენა, ვიღაცისთვის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა და ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, საკითხის პარლამენტში წელიწადნახევრის განმავლობაში შეყოვნების მიზეზი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ამოცანა იყო, საქმეების ელექტრონული სისტემის განაწილების რაც შეიძლება „იქით“ გადატანა.

"ასეთი მიდგომებით შორს ვერ წავალთ კონსტიტუციური დემოკრატიის თვალსაზრისით. მაშინ, ნებისმიერი ვერმიღებული კანონი პარლამენტის მხრიდან უნდა ჩავთვალოთ სახელმწიფოს საწინააღნდეგოდ ჩადენილ ქმედებად? პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით ვისურვებდი საგნობრივ საუბარს და მეტ პასუხებს იმ კონკრეტულ შენიშვნებზე და ნაკლებ სრულიად უსაფუძვლო საუბარს იმის თაობაზე, რომ თითქოს პრეზიდენტმა შეაყოვნა ეს რეფორმა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ვიყავი იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელშიც ეს პროექტი შემოვიდა წელიწადნახევარზე მეტი ხნის წინ, მე ვიყავი იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელშიც ეს პროექტი გაიყინა იმიტომ, რომ პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვერ ჩამოყალიბდნენ სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. მე და ბევრი სხვა, გასული წლის აპრილში, მაისში, ივნისში მივმართავდი კოლეგებს, რომ თუ ამ საკითხზე ვერ ვყალიბდებით, მოდით, დავტოვოთ ეს, სხვა თემები მიღებულია უკვე, გავლილი გვაქვს და ისინი მაინც მივიღოთ, მაგრამ იმ სხვა საკითხებზეც არ შედგა კენჭისყრა. მე ვიცი, რატომ არ მოხდა ამ კანონპროექტის მიღება წინა თვეებში, რამ შეაყოვნა და რამ დააყოვნა. იმიტომ, რომ საქმეების ელექტრონული სისტემით შერჩევის რაც შეიძლება იქით გადადება იყო ამოცანა. ამიტომ, ჭიანურდებოდა პროცესი. ახლა ვინმესთვის დაბრალება, რომ ვეტომ შეაყოვნა პროცესი, ეს არის უსაფუძვლო და არასწორი ბრალდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნების შინაარსის უმრავლესობას ეთანხმება. დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტის ვეტოსგან საშინელების და ღალატის შექმნას ჯობია, კონკრეტულ შენიშვნებზე იმსჯელოს პარლამენტმა".

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან თუ ადგილი აქვს კანონპროექტის სამი კვირით შეყოვნებას, მეორე მხრივ, "ქართული ოცნება" კანონპროექტს წელიწადნახევრის განმავლობაში აყოვნებდა.

"რაც შეეხება შენიშვნების შინაარსს, რაც ვნახე უდიდეს უმრავლესობას ვეთანხმები და ეს ის საკითხებია, რომლებიც პარლამენტში იხილებოდა და მაშინვე ამ პოზიციას გამოთქვამდა ძალიან ბევრი პარლამენტში. ამიტომ არ არის საჭირო პრეზიდენტის ვეტოსგან უბედურების, ღალატის, საშინელების ჩადენის შექმნა. ამას ჯობია იმ კონკრეტულ შენიშვნებზე პარლამენტმა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება იმას, ვის გამოა და ვისი ბრალია, რომ ეს რეფორმა დღემდე არ არის ბოლომდე მიყვანილი, განვმარტავ, რომ პრეზიდენტის მიერ სამი კვირით შეყოვნებასთან გვაქვს საქმე ერთი მხრივ და "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან წელიწადნახევრით შეყოვნებასთან გვაქვს საქმე მეორე მხრივ. ესაა რეალობა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.