გია ვოლსკი:  ვეტოს დაძლევა ტექნიკურად ძნელი არ არის, მაგრამ ეს თვითმიზანი არაა

გია ვოლსკი: ვეტოს დაძლევა ტექნიკურად ძნელი არ არის, მაგრამ ეს თვითმიზანი არაა

ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მივიღეთ, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე არის მიღებული - თუ როგორი იქნება ის მყარი სასამართლო სისტემა, რომელიც ქვეყანას უნდა ემსახუროს, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ირწმუნება, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არავის პარტიულ-პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ უმოქმედია.

“პრეზიდენტის ვეტო რასაკვირველია, დეტალურ განხილვას დაექვემდებარება. ჩვენ ვთქვით და ვიმეორეთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის ფარგლებში არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი დარღვეული არ არის. ვეტოს დაძლევა ტექნიკურად ძნელი არ არის, მაგრამ ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არაა - ჩვენი მიზანი საკითხის სიღრმისეული განხილვაა, რადგან საქმე პირველ რიგში ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ეხება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ სხვა პროექტებს ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.