ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებით, თვითმმართველობაში უნდა მოვიყვანოთ ხალხი, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს, - ამის შესახებ ”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პოლიტიკური მოძრაობა ოლიგარქის რეჟიმის შეცვლას სწორედ თვითმმართველობის არჩევნებით დაიწყებს.
”ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებით, თვითმმართველობაში უნდა მოვიყვანოთ ხალხი, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს. ამით უნდა დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. მერე მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი და რაც მთავარია, ამის შემდეგ დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნისთვის ძლიერი გუნდით, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას და თავისუფალი ადამიანები მოიპოვებენ კეთილდღეობას, თავისუფალი ადამიანები დაიცავენ საკუთარ და საკუთარი ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფალი ადამიანები ეკონომიკურ წინსვლას უზრუნველყოფენ და ამ ქვეყნის საბოლოო დაბრუნებას თავისუფალ ოჯახში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ღირსეულად, სადაც ყველას აქვს შანსი წინსვლის, ყველას აქვს შანსი, რომ ეკონომიკურად დაცული იყოს. ეს არის, რაც ყველას გვინდა და ამიტომ ვიწყებთ მთელ საქართველოსთან ერთად ამ მოძრაობას თავისუფლებისთვის”, - განაცხადა ბოკერიამ.