როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ისეთი ავტობუსების სამარშრუტო ხაზები, რომლებზედაც მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა არ არის, გაუქმდება. ამჟამად კი სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში არსებულ, დაახლოებით, 119 მარშრუტზე ყოველდღიურად 600 ავტობუსი მოძრაობს. აპრილის მონაცემებით კი, თბილისის ავტოპარკში სულ 906 ერთეულიავტობუსი ირიცხებოდა და გადაადგილდებოდა. რომელთა შესაძენად დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 64 136 352 მილიონი ლარი დახარჯა. დღეს, როგორც ირკვევა, მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
გამოდის, რომ ამჟამად დედქალაქში მხოლოდ 600 ყვითელი ტრანსპორტი დადის, როცა ეს რაოდენობაც შემცირდება ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში. აუცილებლად შეიქმნება სამგზავრო ტრანსპორტის დეფიციტი და ავტობუსებში “ჭედვა” ჩვეულებრივი ამბავი გახდება. მით უმეტეს, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში (რუსთაველის, ჭავჭავაძის, მელიქიშვილის ქუჩები, თავისუფლების მოედანი) სამაშრუტო ტაქსების მოძრაობაც აკრძალულია. ამ უბნების მცხოვრებნი მარტოოდენ მუნიციპალური ტრასპორტი იმედად არიან დარჩენილნი.
თბილისის სატრანსპორტო სისტემაში ცვლილებები რომ უნდა მომხდარიყო და თანაც რადიკალური, საკამათო არ არის. ამაზე არც მაშინ დავობდნენ, როდესაც “ყვითელი ავტობუსები” თბილისის ქუჩებში გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლიდან თითქმის 5 წელი გავიდა, ცხადი ხდება, რომ პროექტმა არ გაამართლა. ყველაზე დიდი დარტყმა მუნიციპალურმა პროექტმა მაშინ მიიღო, როდესაც ავტობუსებში სალარო აპარაების დამონტაჟება გადაწყდა.
2009 წელს შპს “თბილისის ავტობუსის” მიერ მგზავრობის საფასურის ამოღება-ინკასაციის შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში “საქართველოს ბანკმა” გაიმარჯვა და ჩეხეთიდან 7 მლნ ლარის ღირებულების სალარო აპარატები ჩამოიტანა. მგზავრობის საფასურის ამოღება-ინკასაციის ახალი სისტემა კი 2009 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა. ამ სისტემით მგზავრობის საფასურის გადახდა ახლაც ნაღდი ანგარიშსწორებით (ხურდა ფულით) ან უკონტაქტო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი. უბილეთო მგზავრები 5 ლარით ჯარიმდებიან.
თუ რა თანხა ამოდის ყოველდღიურად სალარო აპარატებიდან და სად მიიმართება იგი არ ხმაურდება. “თბილისის ავტობუსში” განმარტავენ, რომ “თბილისის ავტობუსი” შეზღუდული პაუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო არაა”.